ირაკლი კობახიძე:გამიჭირდება თქმა, რატომ ვერ მივიდა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ბოლომდე
„ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ წლებია გასული და არის რისკი წლების მანძილზე მტკიცებულებების განადგურებისა. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება იმის შეფასება, თუ რატომ ვერ მოხერხდა საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.
ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ კი მედიასაშუალებებს უთხრა, რომ ხელისუფლებას გახმაურებული საქმის გამოძიება და ყველაფრისთვის წერტილის დასმა არ უნდა.“ურჩევნიათ ეს ყველაფერი დაკიდებულ მდგომარეობაში იყოს“-განუცხადა გოგლა ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“. მისივე განმარტებით , ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის საგამოძიებო პროცესში “მუდმივად მიდის რაღაც ექსპერტიზები“, რომელთა მიზანი არა საქმის წინ წაწევა, არამედ დროის გაჭიანურებაა.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა.