მალხაზ მაჩალიკაშვილი მოკლული შვილის საქმეზე დიპლომატებს შეხვდა
დღეს, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
"რა დარღვევები ხდებოდა და რა ხარვეზები იყო, ამ თემაზე ჩვენმა ადვოკატებმა ისაუბრეს. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ჩვენ მოვუყევით, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი და როგორ გრძელდება დღემდე მედიის საშუალებით ეს ომი პირდაპირ სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ და რა სიბინძურე არის მიმართული ჩვენს მხარეს სუს-ის მხრიდან", - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, მათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ისაუბრეს ყველა იმ დეტალზე, რომელიც სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარებას აფერხებს.
"მათ ასევე მოისმინეს თემირლანის დის სულისშემძვრელი სიტყვა, რომელზეც აბსოლუტურად ყველა ატირდა. მან განაცხადა, რომ თემირლანი იყო ისეთი, როგორიც თვითონ არის და მისი ერთადერთი სურვილია, ყველამ დაიჯეროს, რომ თემირლანი არ იყო ტერორისტი.“ - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.