ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 18 დეკემბერს გამოცხადდება
ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას სამშაბათს, 18 დეკემბერს გამოაცხადებს. 14 დეკემბერს კი გაიმართა ბოლო სხდომა, რომელიც ბრალდებულ ზურაბ მიქაძის დასკვნითი სიტყვის გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა.
„უკვე აღარ შემიძლია, 6 წელია ამათ შეურაცხყოფას და სიცრუეს ვუსმენ. გარდა იმისა, რომ ჩემი შვილის ბოლო წუთებს ვუსმენ, დღეს კიდევ ამხელა შეურაცხყოფა მოვისმინე. მართლა გაუსაძლისია. ბოლო სხდომაა და დაისვენებს საზოგადოებაც, რომელიც შევაწუხე ამ სასამართლოებით. დაისვენებს ჩემი შვილის სულიც და მეც ალბათ.მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლე სამართლიან განაჩენს გამოიტანს, ისიც ადამიანია, მასაც ჰყავს შვილები და 6 წელია ამ არაადამიანების ტყუილებს უსმენს. იმედი მაქვს, სამართლიანად მოიქცევა და ღმერთის შეეშინდება", - განაცხადა მეტრეველმა.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულები არიან ირაკლი ფირცხალავა, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი, გურამ დონაძე და ზაზა ბაქრაძე. მათგან მხოლოდ ზაზა ბაქრაძე აღიარებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას იარაღი მიიტანეს.