თურქეთის პროკურატურა 200-ზე მეტი სამხედრო პირის დაპატიმრებას ითხოვს
თურქეთის პროკურატურამ, 14 დეკემბერს 200-ზე მეტი სამხედრო პირის დაპატიმრების ბრძანება გასცა 2016 წელს, სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან მათი შესაძლო კავშირის გამო. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, დასაპატიმრებელ 2019 სამხედროს შორისაა ასევე რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი - ოთხი პოლკოვნიკი და ხუთი ვიცე-პოლკოვნიკი. თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ ყოფილ სასულიერო პირს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს იმ არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში, რასაც 250 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გიულენი ბრალდებას უარყოფს და ანკარას ადანაშაულებს პოლიტიკურ დევნაში. სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმეზე თურქეთში დააპატიმრეს 50 ათასი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, სამხედროები, მასწავლებლები და სხვა საჯარო მოხელეები. ათეულ ათასობით ადამიანი კი სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული.