კონსტანტინე გამსახურდია მამის მკვლელობის გამოძიებისთვის შიმშილობას იწყებს
ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების შესაძლო შეწყვეტის გამო, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია შიმშილობას დაიწყებს მთავარი პროკურატურის მისაღებში. ამის თაობაზე კონსტანტინე გამსახურდიამ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.
მისი განცხადებით, შესაძლოა 31 დეკემბერს საქმე დაიხუროს ხანდაზმულობის გამო.
„დღემდე არსებულმა ხელისუფლებებმა და კონკრეტულად დღევანდელმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმე მოიყვანეს იმ კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც იგი შეიძლება სულ რაღაც 2 კვირაში, 31 დეკემბერს დაიხუროს ხანდაზმულობის გამო. დიახ, კანონით ასეა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საკმარისი სამხილები მაშინდელი, ჯერაც საბჭოთა KGB-ს კადრებით დაკომპლექტებული, ფორმით ქართული, შინაარსით კი რუსული სპეცსამსახურების იმ კადრების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ზვიად გამსახურდიას დევნასა და მკვლელობაში, საქართველოს პროკურატურას საქმის გაწელვის გარდა არაფერი ქმედითი არ გაუკეთებია დღემდე.“
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ის 2011 წლიდან მოყოლებული გამოძიებას მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას.იკვეთება კიდეც ერთი მაღალჩინოსანი,თუმცა პროკურატურა ცდილობს, მოერიდოს და სიფრთხილეს იჩენს.
ექს-პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმე 1994 წელს თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა. 2015 წელს პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.