რუსეთში აიკრძალა ვალუტის კურსის მაჩვენებელი ტაბლოები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს ვალუტის კურსზე ინფორმაციის შემცველ ტაბლოებს. ამავე, 18 დეკემბერს ხელმოწერილი კანონით, რუსეთის ცენტრალურ ბანკს დაევალა გადაწყვიტოს, როგორ მიაწვდიან ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები კლიენტებს ინფორმაციას ვალუტის გაცვლის კურსის შესახებ.
ტაბლოების აკრძალვის ინიციატივით წელს გამოვიდა ცენტრალური ბანკი. მისი შეფასებით, აკრძალვა ხელს შეუწყობს ბრძოლას ვალუტის გასცვლელ უკანონო ობიექტებთან.
ვალუტის გასაცვლელი ჯიხურები რუსეთს მოედო ჯერ კიდევ 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ძლიერი ინფლაციისა და ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამო ელექტრონულ ტაბლოებზე, თუ პლასტმასისა და მუყაოს აბრებზე, ხშირად იცვლებოდა რიცხვები.
ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები ხშირად იყენებენ ვალუტის კურსის მაჩვენებელი ელექტრონული ტაბლოების ფოტოებს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემების საილუსტრაციოდ.