ზაზა სარალიძე: ვიდრე ეს ხელისუფლებაა, საქმეზე სრული ჭეშმარიტება არასდროს იქნება
ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მოხსენება შეაფასა და განაცხადა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში იმედი არა აქვს, მისი შვილის საქმის სამართლიანად გამოძიების და ჭეშმარიტების დადგენის. ზაზა სარალიძე გამოეხმაურა გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვით დაიწყება გამოძიება სამოხელეო ნაწილში. „სრული საფუძველი გააჩნიათ რომ დაიწყონ გამოძიება საქმის გაყალბებიდან. სამოხელეო ნაწილში არ იყო გამოძიება დაწყებული და რატომ ელოდებიან სააპელაციო სასამართლოს, არ ვიცი. მე ვთვლი, რომ რაღაც შეთანხმებას აქვს ადგილი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.“
ზაზა სარალიძის განცხადებით, ის არ ეთანხმება მინისტრს იმ ნაწილში, რომლის მიხედვით, თითქოსდა მიხეილ კალანდიას მიმართ სამართლებრივი დევნის საფუძველი არ არის. „სრული საფუძველი გააჩნიათ, საჭიროა ვიღაცის კეთილი ნება, თუმცა არ ვიცი, ვინ უნდა ინებოს კეთილი“- განაცხადა ზაზა სარალიძემ, მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიამ გამოააშკარავა ის ფაქტები, რაზეც გამოძიებიდან 6 თვის განმავლობაში საუბრობდა და რეაგირება არ იყო.
„უცნაური აქ არაფერი ყოფილა. უბრალოდ, როგორც ჩანს, ახლა მიხვდნენ და ახლა უნდა გამოძიება დაიწყონ ამ პირებზე, რაც ჩემი აზრით საფუძველი იქნება ამ საქმის ბოლომდე მიყვანის, რატომ ელოდებიან სააპელაციო სასამართლოს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ჩემი შვილის მკვლელი გარეთ არის და ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები."
ზაზა სარალიძის მოსაზრებით მაღალი თანამდებობის პირების დაკავების შემთხვევაში, ისინი ისაუბრებენ იმ საქმეებზე, რომლებიც აქვთ გაყალბებული.
„ბრძოლას გავაგრძელებ მანამ, სანამ არ იქნება ჭეშმარიტება აღდგენილი. ხელს აფარებენ მიხეილ კალანდიას, მირზა სუბელიანს, მათ ახლობლებს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს პროკურორებს, მიხეილ შაყულაშვილს, ზვიად ფხაკაძეს, ინა გუგუშვილს და სხვებს. პოლიტიკური ნება არ არსებობს, ეშინიათ. დავუშვათ, შოთაძე რომ დაიჭირონ, იმდენი საქმე აქვთ გაყალბებული, ალბათ, მოაღებს პირს და ილაპარაკებს. იგივეს ვიტყვი გაბიტაშვილზე და ფხაკაძეზე. ვიდრე ეს ხელისუფლებაა, ამ საქმეზე სრულ ჭეშმარიტება არასდროს იქნება“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.