ძალოსანი ლაშა ტალახაძე საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წელი შეაჯამა და რამდენიმე ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელა. მთავარ ნომინაციაში კი გამარჯვებული ფარული კენჭისყრით გამოავლინა. სწორედ დელეგატების მიერ გაკეთებული არჩევანის თანახმად გახდა წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა ძალოსანმა აჯობა კონკურენტებს: მსოფლიოს ჩემპიონ თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს, მსოფლიოს ჩემპიონ ძიუდოისტ გურამ თუშიშვილს და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს.
წლის სპორტსმენი ქალის ჯილდო ასევე ძალოსან ანასტასია გოტფრიდს ერგო. საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა გენო პეტრიაშვილის აღმზრდელი ნუგზარ სხიერელი, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე, რომელიც წლეულს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გახდა ჩემპიონი. სპორტის ზამთრის სახეობის წარმომადგენელთაგან გიორგი რევია და მარია კაზაკოვა გამოარჩიეს. 2018 წლის აღმოჩენა კი ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) გახდა.