თინა ბოკუჩავა: მინისტრისგან ვერ მივიღეთ პასუხი ვერც ერთ კითხვაზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ წარმომადგენელი დეპუტატის თინა ბოკუჩავას შეფასებით შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გვახარიას საპარლამენტო გამოსვლიდან ვერ მიიღეს პასუხები კითხვებზე. ბოკუჩავას ტქმით, მინისტრმა დღეს მოაწყო პოლიტიკური შოუ, მიუხედავად იმისა, რომ თავად განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებოდა პოლიტიკური ცეკვებისთვის.
„ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხები მუხთარლის, მაჩალიკაშვილის და არჩევნების საქმეზე და მინისტრის განცხადება, მივმართოთ პროკურატურას და ფარცხალაძეს, არის ცინიკური. ფარცხალაძესთან უნდა გავარკვიოთ თურმე, რატომ გაიტაცეს მუხთარლი, რატომ მოხდა ის დანაშაული მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ან რატომ გააყალბეს არჩევნები. რაც შეეხება სარალიძის საქმეს, ეს იყო ყველაზე დიდი უტიფრობა და სირცხვილი, რაც ჩვენ დღეს მინისტრ გახარიასგან მოვისმინეთ. მან ფაქტობრივად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დაადანაშაულა იმაში, რომ სწორედ მათი საქმიანობის გამო დათუნა სარალიძის მკვლელი დღემდე არ არის დასჯილი. აი, ასეთი უტიფრობისა და პოლიტიკური სპექტაკლის შემსწრენი ვართ ჩვენ დღეს აქ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.