ერდოანი აცხადებს, რომ აშშ-ის გასვლის შემდეგ სირიიდან განდევნის ქურთთა ძალებს და "ისლამურ სახელმწიფოს"
თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სირიიდან განდევნის როგორც აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედ ქურთთა ძალებს, ისე "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებს - მას შემდეგ, რაც აშშ იქიდან სამხედროებს გაიყვანს. "შემდეგ თვეებში ვნახავთ ოპერაციის ფორმას, რომელიც მიმართული იქნება YPG-ის (ქურთი ხალხის დამცველი დანაყოფების) და დაეშის ("ისლამური სახელმწიფოს" ჯგუფის) განდევნაზე სირიის ტერიტორიიდან" - განაცხადა ერდოანმა 21 დეკემბერს. მანამდე, 12 დეკემბერს, ერდოანმა თქვა, რომ თურქეთი ახალ სამხედრო შეტევას იწყებს ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში. პარალელურად, სირიის ქურთთა ძალებმა, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" დარჩენილ მებრძოლებს ებრძვიან, განაცხადეს, რომ ფრონტის ხაზიდან გავლენ და თურქეთთან საზღვართან განთავსდებიან, თუკი მათ მიერ კონტროლირებულ რეგიონზე თურქეთი იერიშს მიიტანს. ქურთთა სამხედრო დანაყოფების პოლიტიკური ორგანოს, ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედი სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერი, ილჰამ აჰმადი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თურქეთის მხრიდან თავდასხმა სირიაში შეაჩერებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას. ქურთების, არაბების და ასირიელების გასამხედროებულ ჯგუფებს ხელმძღვანელობს YPG, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს. YPG-ის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერამ გამოიწვია დაძაბულობა ორ ნატოელ მოკავშირეს შორის. გავრცელებული მოსაზრებით, ქურთები ყველაზე წამგებიან პოზიციებზე აღმოჩნდებიან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ძალები გაიყვანოს სირიიდან. ეს ნაბიჯი ქურთებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს სირიის დიდი ნაწილიდან "ისლამური სახელმწიფოს" განდევნაში, თურქეთის მხრიდან შეტევის საფრთხის ქვეშ აყენებს.