აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი: რუსეთი და ირანი ცდილობდნენ გავლენის მოხდენას შუალედურ არჩევნებზე
აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და სხვა უცხო ქვეყნები ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ ამომრჩეველზე 2018 წლის შუალედური არჩევნების პერიოდში, თუმცა არ ჩანს იმის ნიშანი, რომ ამ მცდელობამ შედეგზე იქონია გავლენა. ეროვნული დაზვერვის უწყების დირექტორი, დენ კოატსი 21 დეკემბერს გამოვიდა განცხადებით, რომ "რუსეთი და სხვა უცხო ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი და ირანი, გავლენის მოხდენის მიზნით აწარმოებდნენ მოქმედებებს და მესიჯების კამპანიას, რომლის სამიზნეც აშშ იყო, მათი სტრატეგიული ინტერესების გატარებისთვის". თუმცა, მან დასძინა, აშშ-ის სადაზვერვო უწყებების გამოძიებას არ მოუტანია მტკიცებულება, რომ უცხო ძალებმა მოახერხეს საარჩევნო ინფრასტრუქტურაში შეღწევაო. "მოცემულ მომენტში სადაზვერვო უწყებებს არ აქვთ მონაცემები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ჩვენი ქვეყნის საარჩევნო ინფრასტრუქტურა რაიმე ფორმით დაირღვა - რაც შეაფერხებდა ხმის მიცემას, შეცვლიდა სურათს, ან წინაღობას შეუქმნიდა ხმების დათვლის პროცესს" - თქვა კოატსმა. "ჩვენი საარჩევნო სისტემის და, უფრო ფართოდ, ჩვენი დემოკრატიის მთლიანობის დაცვა სადაზვერვო უწყებებისთვის პრიორიტეტია" - ამბობს კოატსი და დასძენს, რომ უკვე დაწყებულია მზადება 2020 წლის არჩევნებისთვის.