ბუდაპეშტის ქუჩებში კვლავ ათასობით მოქალაქე აპროტესტებს ცვლილებებს შრომის კოდექსში
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის ქუჩებში კვლავ ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა შრომის კანონში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მემარჯვენე მთავრობის მიერ შეტანილი ცვლილებები. ორბანმა 21 დეკემბერს უგულებელყო ერთი კვირის წინ დაწყებული ეს საპროტესტო ტალღა, მას "ისტერიული ყვირილი" უწოდა და მტკიცებულების გარეშე კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდება, რომ აქციებს აფინანსებს უნგრული წარმოშობის ამერიკელი, ლიბერალი ჯორჯ სოროსი - რომელიც მთელი მსოფლიოს ულტრამემარჯვენე ლიდერების ტრადიციული სამიზნეა. უნგრეთის პრეზიდენტმა, ორბანის მოკავშირე იანოშ ადერმა 20 დეკემბერს ხელი მოაწერა შრომის კოდექსის რეფორმის კანონად გადაქცევას, მზარდი პროტესტის მიუხედავად. სხვა ცვლილებებთან ერთად, კანონი თითქმის აორმაგებს იმ საათებს, რომელიც დაქირავებულ პირებს ზეგანაკვეთურად შეიძლება დაუწესდეს - მათ 250-დან 400-მდე ზრდის - ხოლო ანაზღაურების დაგვიანება სამი წლით ხდება შესაძლებელი. ადერი ამბობს, რომ ცვლილებები მსგავსია წესებისა, რომლებიც ზეგანაკვეთურ შრომას ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აქვს დაწესებული.