საქართველოს კინოთეატრებში „როკეტმენის“ სრული ვერსია გამოვა
ქართველი მაყურებელი ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმის მხოლოდ სრულ ვერსიას იხილავს - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კავეას კინოთეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მაია სიხარულიძემ აცნობა. ფილმი ეკრანებზე 3 ივნისიდან გამოვა. პრემიერა ინგლისურ ენაზე იქნება, შემდეგ კი კინოთეატრებში აჩვენებენ ქართულად გახმოვანებულ ვერსიასაც, რომელიც ორიგინალის იდენტური იქნება. შეკითხვები ფილმის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც „როკეტმენი“ რუსეთში ცენზურამ დაჩეხა და ფილმიდან ამოჭრა სექსუალური შინაარსის სცენები, რომელშიც მამაკაცები მონაწილეობენ. ფილმში შეკვეცილია ის კადრებიც, სადაც ნარკოტიკების მოხმარებაა ნაჩვენები. ფილმიდან ამოჭრეს ბოლო ტიტრიც. ორიგინალში ელტონ ჯონი ამბობს, რომ თავისი ცხოვრების სიყვარული იპოვა და საყვარელ მამაკაცთან ერთად შვილს ზრდის.