კონგრესი ამზადებს სანქციებს პროექტ „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ის წინააღმდეგ
აშშ-ის კონგრესმა გამოაქვეყნა სანქციების შესახებ კანონპროექტი იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკად 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობენ. სენატორები გამოდიან წინადადებით სანქციები შეეხოთ იმ გემების მფლობელ სტრუქტურებს, რომლებიც მილებს დებენ ზღვის ფსკერზე, ას ფუტ და მეტ სიღრმეზე.
შემზღუდავი ზომები ემუქრებათ ასევე იურიდიულ და ფიზიკური პირებს, რომლებიც დაკავებული არიან „ჩრდილოეთი ნაკად 2“-ის მშენებლობაში ჩართული გემების ყიდვით, იჯარითა და დაზღვევით.
სანქციები, რომელიც მოამზადეს რესპუბლიკელმა ტედ კრუზმა და დემოკრატმა ჯინ შახინმა, შესაძლოა იყოს რამდენიმე სახის. მათ შორის, განიხილება, ამერიკულ უწყებებთან სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმების, აშშ-ის სახელმწიფო ვალებზე მუშაობისა და ამერიკის უწყებებისგან კრედიტების მიღების აკრძალვა.
იუწყებიან, რომ სანქციების ამოქმედების შემდეგ, შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებს ემუქრებათ ასევე უარის თქმა ვიზის მიღებასა და აშშ-ში შესვლაზე.
კრემლი აშშ-ის ადანაშაულებს ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლაში გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკად 2“-ის მშენებლობის გამო. რუსეთის ხელისუფლების აზრით, გაზსადენი სარგებელს აძლევს როგორც რუსული გაზის მიმწოდებელებს, ასევე მის მყიდველებს. ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ბრიუსელი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იგი ზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე და ეწინააღმდეგება ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას.