ანა ბრნაბიჩს აკრიტიკებენ კოსოვოს ლიდერების „ტყიდან გამოსულებად“ მოხსენიებისთვის
სერბიის პრემიერ-მინისტრის, ანა ბრნაბიჩის მიერ კოსოვოს ლიდერთა დამამცირებელი სიტყვებით მოხსენიებამ არა მხოლოდ დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია ბალკანეთში, არამედ ააფეთქა სოციალურ მედია.
ვითარება გასულ კვირაში საკმაოდ დაიძაბა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, მას შემდეგ რაც 28 მაისს კოსოვოს პოლიციამ რეიდები ჩაატარა სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ რეგიონში, დააპატიმრა რამდენიმე ადამიანი, ძირითადად პოლიციელები და ერთი გაეროს წარმომადგენელი, რუსი დიპლომატი სამართალდამცველებისათვის გაწეული წინააღმდეგობისთვის.
„ვშიშობ, რომ მოგვიწევს საქმის დაჭერა პოპულისტების ყველაზე უარეს კატეგორიასთან, ადამიანებთან, რომლებიც ტყიდან გამოვიდნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, - განაცხადა ანა ბრნაბიჩმა 29 მაისს ჟურნალისტებთან საუბარში. „ზოგიერთი მათგანი კი ტერორისტია, რომელმაც კოსოვოს 1998-1999 წლების ომში ბოროტმოქმედება ჩაიდინეს“, - აღნიშნა სერბიის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც არ წარმოუდგენია ამ მტკიცებულების საბუთი.
ანა ბრნაბიჩი, ღიად ჰომოსექსუალი ქალი, 2017 წლიდან უდგას სათავეში სერბიის მინისტრთა კაბინეტს. სერბიის პრემიერ-მინისტრის ამ კომენტარს, ზოგიერთმა კოსოვოელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეჰჯეტ პაცოლიმ უწოდა „რასისტული“. კოსოვოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ სერბიის პრემიერ-მინისტრს, ანა ბრნაბიჩს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, რადგან მისი გამონათქვამი პრიშტინამ მიიღო, როგორც რასისტული.
სოციალურ მედიაში კი გაჩნდა რამდენიმე ჰაშტეგი (#literallyjustemergedfromthewoods, #Dialogue და #RacistStatementsBySerbianPM), რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რამდენად ღრმაა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის გაუცხოება.
კოსოვომ დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა 2008 წელს. მსოფლიოს 110-მა ქვეყანამ აღიარა მისი დამოუკიდებლობა, მაგრამ საკუთრივ სერბიამ, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა, რუსეთმა და ჩინეთმა - არა.