პორტსმუთში იმართება ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 75-ე წლისთავის ცერემონია
ინგლისის ქალაქ პორტსმუთში მიმდინარეობს საზეიმო ცერემონია, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 75-ე წლისთავს. ღონისძიებაზე ჩავიდნენ იმ თხუთმეტი სახელმწიფოს ლიდერები, რომლებიც მონაწილეობდნენ დასავლეთის ფრონტზე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლებში.
ცერემონიას ესწრებიან აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი, ასევე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. დიდ ბრიტანეთს წარმოადგენენ დედოფალი ელისაბედ II და პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, რომელიც ტოვებს თანამდებობას. რუსეთი ცერემონიაზე წარმოდგენილი არ არის.
ხუთშაბათს დღესასწაული საფრანგეთში გაგრძელდება. როგორც მოსალოდნელია, მასში მონაწილეობისთვის ნორმანდიაში ჩავა ომის 300-ზე მეტი ვეტერანი.
დასავლეთის ფრონტზე მეომარი ქვეყნების ლიდერებმა ოთხშაბათს ხელი მოაწერეს საზეიმო დეკლარაციას, რომელშიც პასუხისმგებლობა იკისრეს, მომავალში „საერთაშორისო კონფლიქტები მშვიდობიანი გზებით მოაგვარონ“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნორმანდიაში ჯარების გადასხმაზე თქვა, რომ ეს იყო, „შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა“.
2014 წელს ნორმანდიაში ჯარების გადასხმის 70 წლისთავის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. წელს ის არ მიუწვევიათ.
ნორმანდიაში გადასხმა, რომელიც „D-Day“-ის სახელითაცაა ცნობილი, დასავლეთის ფრონტზე ანტიგიტლერული კოალიციის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია იყო. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ 1944 წლის ივნისში ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების 150 ათასზე მეტმა ჯარისკაცმა.