ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ბოლოს ევროკავშირს მოუწოდა, გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან 5 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა „ურყევი მხარდაჭერისთვის“ და მას მოუწოდა „სანქციების გაძლიერებისკენ უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად“.
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა დაიწყო კონფლიქტში, რომელსაც დღემდე 13 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
ტუსკმა თქვა, რომ თავისი პირველი უცხოური ვიზიტით ევროკავშირისა და ნატოს შტაბბინებში ჩასვლით ზელენსკი „ძლიერ და მნიშვნელოვან სიგნალს“ აგზავნის.
ევროკავშირი ყოველთვის მზად იქნება დაეხმაროს უკრაინას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეკონომიკის სტაბილიზებასა და ენერგეტიკის სექტორის რეფორმების გატარებაში,“ თქვა მან.