სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული სასამართლომ 300 ლარით დააჯარიმა
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, სექსუალური შევიწროების კანონის ამოქმედების შემდეგ პირველი საქმე განიხილა სასამართლომ და ბრალდებული 300 ლარით დააჯარიმა. შემთხვევა ქუთაისში 3 ივნისს მოხდა და როგორც შსს-ს დეპარტამენტი ამბობს, მალევე მიმართა დაზარალებულმა სამართალდამცველებს, რამაც ხელი შეუწყო საქმის ეფექტურად გამოძიებას.
„შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული იქნა 1973 წელს დაბადებული ვ. მ., რომელმაც ქუჩაში სექსუალური შევიწროება განახორციელა 1986 წელს დაბადებული მ.ს.-ს მიმართ.
მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ დაზარალებულს შესთავაზა სექსუალური ხასიათის ურთიერთობა, რაც ამ უკანასკნელისთვის იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი“, – ამბობენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში.
სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
"იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ თქვენ მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას“, – მოუწოდებენ მოქალაქეებს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში.