სუსლიაკების საქმე შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნოს
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის საქმე, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნოს - ამის შესახებ იულია სუსლიაკის ადვოკატმა 6 ივნისს განაცხადა.
“ვიმსჯელებთ, რომ გავაგზავნოთ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. აღკვეთის ღონისძიების ნაწილის გასაჩივრებას ვაპირებთ, რადგან [ბრალდებული] არ იქნა უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლებით”, - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.
5 ივნისს სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და იულია სუსლიაკი კვლავ პატიმრობაში რჩება. ამ შუამდგომლობით ადვოკატმა სასამართლოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიმართა.
დასკვნის მიხედვით, იულია სუსლიაკი ათიდან ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო იური სუსლიაკი ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამაა.
ზურაბ თოდუას მტკიცებით, სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილება წარმოადგენს საქმის პროკურორის, თეა გიორგაძის “ოჯახური კლანის” გადაწყვეტილებას. ადვოკატი თოდუა აღნიშნავს, რომ თეა გიორგაძის მეუღლე პაატა სილაგაძე ახლახან დაინიშნა უვადო მოსამართლედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
"თეა გიორგაძის მეუღლე “კრიშავს” თავისი მეუღლის გადაწყვეტილებებს. ინტერესთა კონფლიქტიცაა და ალბათობის ძალიან მაღალი ხარისხით, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება [პროკურორ] თეა გიორგაძის მეუღლის გაცემული განკარგულებაა”, - ამბობს თოდუა.
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში 27 აპრილს დააკავეს. ის 10 ბავშვთან ერთად აფხაზეთში აპირებდა გადასვლას. აფხაზეთში ცხოვრობს მისი მეუღლე იური სუსლიაკი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკს წინასწარი, 55-დღიანი პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა. დაკავებულს ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგის) მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.