იაპონიის პრემიერი ირანში ჩავა აშშ-სა და თეირანს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის საშუამდგომლოდ
იაპონიის პრემიერ-მინისტრი, შინზო აბე ირანში ჩავა ახლო მომავალში. ტოკიო იმედოვნებს, რომ შეუძლია განმუხტოს დაძაბულობა ვაშინგტონსა და თეირანს შორის. ცნობა გაავრცელა ტოკიოს კაბინეტის მთავარმა მდივანმა, იოშიჰიდე სუგამ, მაგრამ მას 6 ივნისის ბრიფინგზე ვიზიტის გარშემო დეტალები არ გაუმხელია.
იაპონიის მედია იტყობინება, რომ აბე თეირანში ჩავა 12-დან 14 ივნისამდე და შეხვდება ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის და პრეზიდენტ ჰასან როჰანის.
იაპონიის პრემიერი ირანში არ ჩასულა რამდენიმე ათეული წელიწადია. ტოკიო აშშ-ის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე ადა კარგი ურთიერთობა აქვს თეირანთანაც.
თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა გამწვავდა, როცა აშშ-მა ერთი წლის წინ დატოვა 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ირანმა მიაღწია წამყვან სახელმწიფოებთან. ვაშინგტონმა მას მერე ახალი სანქციები დაუწესა ირანს, გაამძაფრა რიტორიკა მის მიმართ და გაზარდა სამხედრო ყოფნა სპარსეთის ყურეში, რასაც მოჰყვა მზარდი შიში შესაძლო სამხედრო კონფლიქტის გამო.
გასულ თვეში იაპონიაში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩანდა, მხარს უჭერდა მისიას, გაეწია აბეს შუამდგომლობა ირანსა და აშშ-ს შორის. ტრამპმა განაცხადა, რომ „აბეს აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ირანთან“ და დასძინა, „კარგი იქნებოდა, რადგან არავის სურს საშინელი რამ, განსაკუთრებით, მე“.
აბემ მაისში უმასპინძლა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს. ზარიფმა იმედი გამოთქვა, რომ იაპონია და აშშ-ის სხვა მოკავშირეები მიმართავენ „პრაქტიკულ ზომებს,“ რათა შეინარჩუნონ ეს ღირებული საერთაშორისო შეთანხმება“. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მინიშნება გააკეთეს, რომ ვაშინგტონი ღიაა დიალოგისთვის ირანის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ამავე დროს ითქვა, რომ ძალის გამოყენება კვლავ რჩება შესაძლებლად.