ჟურნალისტ ივან გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღების მცდელობაში სდებენ ბრალს
ვებსაიტ „მედუზის“ ჟურნალისტ ივან გოლუნოვს წაუყენეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდება. ამის შესახებ იტყობინება უფლებადამცველი ორგანიზაცია „აგორა“. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე.
„აგორის“ ხელმძღვანელი პაველ ჩიკოვი წერს, რომ გოლუნოვი ცუდად გახდა პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ გამომძიებელი მასთან არ უშვებს სასწრაფო დახმარებას. არის ეჭვი, რომ დაკავებულს გატეხილი აქვს ნეკნი, აქვს ტვინის შერყევა და ჰემატომა. ექიმები ამბობენ, რომ გოლუნოვი საავადმყოფოშია მოსათავსებელი, მაგრამ პოლიცია არ იძლევა ამის უფლებას.
ივან გოლუნოვი ხუთშაბათს დააკავეს მოსკოვში. ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კავშირს ის უარყოფს. საზოგადოებრივი სადამკვირვებლო კომისიის წევრთან საუბარში ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დაკავებამდე ორი კვირით ადრე მას ემუქრებოდნენ.
გოლუნოვის ადვოკატი დმიტრი ჯულაი აცხადებს, რომ, მისი აზრით, მის კლიენტს აკრძალული ნივთიერება სპეციალურად ჩაუდეს, რათა ის დაეკავებინათ. მისი თქმით, გოლუნოვი სცემეს და პოლიცია უარს ამბობს აიღოს მისი ფრჩხილების სინჯები, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ეჭვმიტანილს ნარკოტიკთან შეხება.
36 წლის გოლუნოვი მოსკოვში მაღალი რანგის პირებს შორის კორუფციას იძიებდა და „მედუზა“ მიიჩნევს, რომ მისი დაკავება მის პროფესიულ საქმიანობასთან არის კავშირში.