მონტენეგროს ნაკრების სერბი მწვრთნელი და ორი ფეხბურთელი კოსოვოსთან მატჩის ბოიკოტისთვის გაათავისუფლეს
8 ივნისს მონტენეგროს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ლიუბიშა ტუმბაკოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო მისი გუნდის მატჩში ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს ნაკრებ გუნდთან. ასევე გაათავისუფლეს გუნდის ორი ფეხბურთელი.
ტუმბაკოვიჩმა, მისმა მოადგილე საშა იანკოვიჩმა და სერბული წარმომავლობის ორმა ფეხბურთელმა უარი თქვეს, მონაწილეობა მიეღოთ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კოსოვოს წინააღმდეგ, რომელიც ერთ დროს სერბეთის ნაწილი იყო და რომელსაც ბელგრადი არ აღიარებს. თამაში პარასკევს გაიმართა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში.
მონტენეგროს ფეხბურთის ფედერაციამ სპორტსმენების გადაწყვეტილებას „უსიამოვნო სიურპრიზი“ უწოდა.
66 წლის ტუმბაკოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტიტულიანი მწვრთნელია სერბეთის ფეხბურთში. ბელგრადის „პარტიზანთან“ ერთად მან ექვსჯერ მოიგო ჩემპიონობა და სამჯერ - ეროვნული თასი.
7 ივნისის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ორივე გუნდი ინარჩუნებს ევრო 2020-ში გასვლის შანსებს.