აშშ-მა თურქეთს 31 ივლისამდე დაუწესა ვადა რუსეთისგან S-400 სისტემების შესყიდვის შესაჩერებლად
აშშ-მა თურქეთს 31 ივლისამდე დაუწესა ვადა, რათა გააუქმოს გარიგება რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს წილს F-35 სამხედრო თვითმფრინავების პროექტში, რომელსაც აშშ უძღვება.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ელენ ლორდმა 8 ივნისს გარდა ამისა განაცხადა, რომ გარიგება თუ არ გაუქმდა, ასევე შეწყდება თურქი მფრინავების აშშ-ში გაწვრთნის პროგრამა F-35 გამანადგურებლებისთვის, რომლებსაც თურქეთი აშშ-ისგან ყიდულობს. ლორდის თქმით, დაწესებული ვადა თურქეთს საკმარის დროს მისცემს საიმისოდ, რათა გამოეთიშოს F-35-ის პროგრამას.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა თავის თურქ კოლეგას მისწერა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ანკარას F-35-ის პროგრამის დატოვება მოუწევს, თუკი უარს არ იტყვის რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზე.
ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ S-400 არ არის ნატოს სისტემებთან თავსებადი და საფრთხეს უქმნის გამანადგურებელ F-35-ს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის ქვეყანას გადაწყვეტილი აქვს, არ შეწყვიტოს რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის პროცესი, რასაც ის დიდი ხანია უწოდებს „დასრულებულ გარიგებას“.