მიხეილ სააკაშვილის პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში
მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ილაპარაკა ვიდეომიმართვაში ფეისბუკზე.
მანამდე სააკაშვილი თავის მომხრეებს მოუწოდებდა, არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დაეჭირათ მხარი. სააკაშვილს კიევის მერი ვიტალი კლიჩკოც სთავაზობდა, სათავეში ჩასდგომოდა მისი მოძრაობის პარტიულ სიას.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის პარტიას არ შეუძლია სხვა პოლიტიკურ ძალებთან კომპრომისზე წასვლა. ასეთ დასკვნამდე ის მივიდა მას შემდეგ, რაც ძველ პოლიტიკოსთა შეთანხმებები ნახა.
სააკაშვილმა, რომელიც ახლახან დაბრუნდა უკრაინაში, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ, განაცხადა, რომ სურს მხარი დაუჭიროს ტალღას, რომელიც დაიწყო ქვეყანაში ზელენსკის არჩევის შემდეგ.
„უკრაინა ახლა მესამე მსოფლიოს ქვეყანაა, ის სუბსაჰარულ აფრიკას დაემსგავსა. გულზე ვსკდები, როცა ამას შევყურებ. ეს ასე არ უნდა იყოს და არ იქნება ასე,“ დასძინა მან.
უკრაინის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისისთვის არის დანიშნული პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებულების მიხედვით. ამ ბრძანებულებაზე დავა მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში. განხილვა 11 ივლისს შედგება.