ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 7 აგვისტომდე შინაპატიმრობაში იქნება
მოსკოვის ნიკულინოს სასამართლომ თათბირის შემდეგ უარი თქვა დაკავებული ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის მიმართ პატიმრობა გამოეყენებინა აღმკვეთ ღონისძიებად და დაადგინა, რომ იგი 7 აგვისტომდე შინაპატიმრობაში უნდა იყოს. პროკურორი ორი თვით მის დაკავებას ითხოვდა. ამგვარად, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის თხოვნა.
ვებსაიტ „მედუზის“ ჟურნალისტ ივან გოლუნოვს წაუყენეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდება. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე.
ივან გოლუნოვი ხუთშაბათს დააკავეს მოსკოვში. ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კავშირს ის უარყოფს. საზოგადოებრივი სადამკვირვებლო კომისიის წევრთან საუბარში ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დაკავებამდე ორი კვირით ადრე მას ემუქრებოდნენ.
გოლუნოვის ადვოკატი დმიტრი ჯულაი აცხადებს, რომ, მისი აზრით, მის კლიენტს აკრძალული ნივთიერება სპეციალურად ჩაუდეს, რათა ის დაეკავებინათ.
36 წლის გოლუნოვი მოსკოვში მაღალი რანგის პირებს შორის კორუფციას იძიებდა და „მედუზა“ მიიჩნევს, რომ მისი დაკავება მის პროფესიულ საქმიანობასთან არის კავშირში.