გორის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფელი დაისეტყვა
გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ხუთი სოფელი დაისეტყვა. სტიქია დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა და სოფლები - ტინისხიდი, ფლავი, ფლავისმანი, კოშკები და ქერე დასეტყვა.
გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კიდევ ზუსტდება იმ სოფლების რაოდენობა, სადაც სტიქია დაფიქსირდა. ჯერჯერობით შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია და ხვალ გათენებისას გამოჩნდება სოფლის მეურნეობისთვის და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი.
ძლიერ სეტყვას ქარი და წვიმაც ახლდა, რამაც ქალაქ გორში პრობლემები შექმნა. სანიაღვრე არხებმა ჭარბი წყალი ვეღარ გაატარა და ქალაქის ქუჩები დაიტბორა. 15 ზე მეტი შეტყობინება შევიდა სამაშველო სამსახურში და მაშველები დატბორილი ქუჩებიდან ახლაც ტუმბავენ წყალს.
გორში გურამიშვილის ქუჩაზე რამდენიმე სახლის პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა. დატბორილი ქუჩების გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო წმინდაწყლის და ტინისხიდის დასახლებების მიმართულებით