ანატოლი ბიბილოვი: იმედი მაქვს, რომ არჩევნები შედგება და მივიღებთ ქმედითუნარიან საკანონმდებლო ორგანოს
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მიიღო რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაცია. რუსეთის პარლამენტის წევრები რესპუბლიკაში ჩავიდნენ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებლების სახით.
„დღეს სამხრეთ ოსეთში არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოქმედება - პარლამენტის დეპუტატების არჩევნები. იმედი მაქვს, რომ არჩევნები შედგება და მივიღებთ ქმედითუნარიან საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც რესპუბლიკისა და ხალხის საკეთილდღეოდ იმუშავებს“, განაცხადა ბიბილოვმა.
რუსეთის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ კენჭისყრაში აქტიური მონაწილეობა აღირიცხება ჩრდილოეთ ოსეთშიც. როგორც დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, კაზბეკ ტაისაევმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში არჩევნები ყველაზე დემოკრატიულია, ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ზომები კი უფრო მკაცრია, ვიდრე რუსეთში.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინ პუხაევი, საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი მედოევი და პარლამენტის დეპუტატი ალბერტ ხუბაევი.