გერმანიის მმართველი პარტიის ლიდერი უკუაგდებს მოწოდებას, რომ შესუსტდეს რუსეთის მიმართ სანქციები
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა, უკუაგდო პარტიის ერთ-ერთი წევრის მოწოდება, შესუსტდეს რუსეთზე სანქციებით ზეწოლა. კრამპ-კარენბაუერის თქმით, სანქციები მანამდე უნდა დარჩეს ძალაში, სანამ მოსკოვი არ შეცვლის თავის ქცევას ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში.
მისი კომენტარი ეწინააღმდეგება ამავე პარტიის წევრის, საქსონიის მხარის პრემიერ-მინისტრ მიხაელ კრეჩმერის სიტყვებს. 7 ივნისს კრეჩმერი სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, შემდეგ კი ტვიტერში დაწერა, რომ „ურთიერთობების გასაუმჯობესებლად სანქციების დასრულება გვჭირდება“.
ევროპის კავშირმა და აშშ-მა მოსკოვს ფინანსური სანქციები დაუწესეს 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერისთვის.