ირმა ნადირაშვილი: ეს არჩევნები იყო კრიმინალისა და ხელისუფლების შერწყმა
ეს არჩევნები იყო კრიმინალის და ხელისუფლების შერწყმა და არჩვენების ამ საშუალებით ჩატარება, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობა.
მისი სიტყვებით, არ დაიწყებს პროგნოზების გამოთქმას და დაელოდება შედეგებს. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დღემ საკმაოდ მძიმედ ჩაიარა.
„დღეს „ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას არჩევნების ბედის გადაწყვეტა უნდა არა საარჩევნო უბანზე, არამედ კრიმინალების მობილიზებით, შანტაჟით, მოსყიდვით. ეს არის „ქართული ოცნების" სტილი. იმედი მაქვს, რომ მთაწმინდის ამომრჩეველი არ დაემორჩილა ამ ზეწოლას და ყველა ადამიანს, როცა ისინი დარჩნენ საარჩევნო ყუთებთან, ჰქონდა საშუალება, რომ თავისი არჩევანი გაეკეთებინათ საკუთარი სინდისის კარნახის მიხედვით. ეს არჩევანი იყო ძალიან მარტივი უსამართლობასა და სამართლიანობას შორის. ყველა ჩვენს წარმომადგენელს, დამკვირვებელს, კომისიის წევრებს მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება, სამართლიანად მოხდეს ხმების დათვლა, არ მოხდეს ბიულეტენების გაბათილება მოგონილი მიზეზების საშუალებით. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით ინფორმაციას უბნებიდან, დაახლოებით ორ-სამ საათში პირველადი სურათი გვექნება",- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.