გახარია: არჩევნებში გასამარჯვებლად ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტები არ სჭირდება
ხელისუფლებას არჩევნებში გასამარჯვებლად, მით უმეტეს მთაწმინდაზე, კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ სჭირდება, - უპასუხა ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
მან ჟურნალისტებს სთხოვა, მიაწოდონ ინფორმაცია კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე და მის უწყებას ამაზე უმკაცრესი რეაგირება ექნება. თუმცა, შს მინისტრის სიტყვებით, პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას ვერავის შეუზღუდავს.
„თუ სადმე იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები მობილიზებულები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი, ან რაიმე სახით შეუზღუდეს ჩვენს მოქალაქეებს გამოხატვის, ხმის მიცემის თავისუფლება, მოგვეცით ეს ინფორმაცია და ამაზე მკაცრი და სწრაფი რეაგირება გვექნება“, - განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ იქვე განაცხადა, რომ ღიმილისმომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა სხვა არგუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად იბრძოლოს. ასე გამოეხმაურა ის „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მიერ დღის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს, საარჩევნო პროცესში კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზების შესახებ.
შს მინისტრმა ერთ-ერთი დამკვირვებლისთვის, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მხარდამჭერის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.
„ყველა, ვინც ვინმეს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არ აქვს მნიშვნელობა ვის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მოქალაქეს, პოზიციას თუ ოპოზიციას, ყველა იქნება დასჯილი, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, იყო რამდენიმე წვრილმანი შემთხვევა, სადაც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. დღის ბოლოს გვექნება სრული ინფორმაცია, არის ეს ისეთი სიმძიმის დანაშაულები, რომლებზეც გამოძიება დაიწყება თუ არა“, - განაცხადა შს მინისტრმა.