სექსუალური ორიენტაციის ნიშნით მუქარისთვის პირს ბრალი წარედგინა
სექსუალური ორიენტაციის ნიშნის გამო შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. განცხადებას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2019 წლის 22 მაისს ბათუმის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ბრალდებული სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მომჩივანს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული მუქარა გამოწვეული იყო მომჩივანის მიერ ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ტელე-გადაცემაში მონაწილეობით".
ბრალდებულს წარედგინა ბრალდება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენისათვის, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.