საქალაქო სასამართლოში გაიმართება კანცელარიასთან დაკავებულთა სასამართლო სხდომა
14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
სხდომაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 28 პირის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე იმსჯელებენ.
გუშინ, 14 ივნისს, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით აქციის 28 მონაწილე დააკავეს. მათგან 7 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.
ლგბტქი თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება 14 ივნისს მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.
პარალელურად, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს სასულიერო პირებმა, ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც ორ აქციას ერთმანეთისგან ყოფდა.
ისინი ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებს.