პრეზიდენტი 14 ივნისის აქციაზე: არ გვჭირდება გარედან მოტანილი დაკოპირებული დაპირისპირება
"მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ მე ვარ ამავე დროს პრეზიდენტი იმ ადამიანების, რაც უნდა იყოს მათი რელიგიური მიმართულება, მათი სექსუალური და რელიგიური ორიენტაციისა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს, კანცელარიასთან განვითარებულ მოვლენებს. თუმცა, პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ არ ეთანხმება დაპირისპირების პროვოცირებას არცერთი მხრიდან.
"თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მე არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა ის დაპირისპირებები, რაც აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. არ გვჭირდება გარედან მოტანილი დაკოპირებული დაპირისპირება", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
14 ივნისს, ლგბტქი თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.
პარალელურად, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს სასულიერო პირებმა, ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც ორ აქციას ერთმანეთისგან ყოფდა.
ისინი ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებს.
სამართალდამცავებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს კონტრაქციის 28 მონაწილე. მათგან 7 პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.