თამარ ჩუგოშვილი: კონსტიტუციური მოთხოვნები სახელმწიფოსთვის არის ამოსავალი
"განსაკუთრებული აგრესია იყო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და მათი ელჩების მიმართ. ეს მანიშნებელია, ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს იმ აგრესიული ჯგუფების მიღმა, რომელიც გუშინ ვიხილეთ", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
„ის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, არის ძალადობის წამახალისებელი. ეს ფაქტია და ჩანს. რაც შეეხება კონკრეტულად სამართლებრივ გადაცდომებს, არის თუ არა ნიშნები, ამას მე ვერ გეტყვით, ეს უნდა თქვას გამოძიებამ... რომც არ იყოს დანაშაულის ნიშნები შიგნით, ძალადობისკენ მოწოდება, ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი რამ არის", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან 14 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა:
"ვფიქრობ, გუშინ ძალიან კარგად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ... ზოგადად, სამწუხაროა იმის ყურება, რომ ასეთი დაპირისპირების საგანი ხდება ესა თუ ის თემა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ჯგუფს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული უფლება, რომ გამოხატოს თავისი აზრი, მშვიდობიანად შეიკრიბოს. ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამ უფლების რეალიზაცია მოახდინოს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვნია, რომ "თბილის პრაიდის" ორგანიზატორებს თანამშრომლობა ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
"როცა ასეთ თემებზეა საუბარი, სპონტანური მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ, რადგან ვხედავთ არსებობენ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები, შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში უსაფრთხოება, შემდგომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილმა შეაფასა "თბილის პრაიდის" შესახებ საპატრიარქოს განცხადებაც. მისი თქმით, "საპატრიარქოს თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვს, განცხადებაც გააკეთეს და მათი მოსაზრება გასაგებია. თუმცა, რა მოწოდებაც არ უნდა გაჟღერდეს, კონსტიტუციური მოთხოვნები სახელმწიფოსთვის არის ამოსავალი".