14 ივნისის აქციის დროს დაკავებულ სამ პირს 1000-1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან 14 ივნისს გამართული აქციის მიმდინარეობისას დაკავებულ პირთაგან სამს 1000-1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლის, ნანა ჯინჭარაძის სიტყვები, რომ ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც დაკავებულებს დაეკისრათ, არასამართლიანია.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაკავებულებიდან სამ პირს 1000-1000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალი ასეთია, რომ პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა, გიორგი ხვედელიძემ, ეს უარყო და თქვა, რომ ასე არ ყოფილა. ის მოძღვართან მიახლოებას ცდილობდა და ამის საფუძველზე დააკავეს. ხვედელიძე 5 შვილის მამაა და ასე მარტივი არაა 1000 ლარის მოტანა", - განაცხადა ჯინჭარაძემ.
სასამართლო სხდომაზე 15 ივნისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 28 პირის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე მსჯელებენ.
14 ივნისს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით აქციის 28 მონაწილე დააკავეს. მათგან 7 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.