ტანკერებზე თავდასხმებამდე ირანმა აშშ-ის უპილოტო საფრენ აპარატს ესროლა
ომანის ყურეში ტანკერებზე 13 ივნისს განხორციელებულ თავდასხმებამდე ირანის სამხედროებმა ცაზე შენიშნეს აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატი და მას რაკეტა ესროლეს. ჭურვი მიზანს არ მოხვდა და წყალში ჩავარდა. ამის თაობაზე ტელეარხ „CNN“-ს აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა მიაწოდა ცნობა.
უპილოტო აპარატის კამერებმა ფირზე აღბეჭდეს ტანკერებისკენ მიმავალი ირანის მოტორიანი ნავები, მაგრამ წყარომ ვერ დაადასტურა, აღნუსხა თუ არა დრონმა ტანკერებზე მაგნიტური ნაღმების მიმაგრება.
ეს პირველი ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ აშშ-მა იცოდა ირანის მზადების შესახებ, მანამ, სანამ თავდასხმები მოხდებოდა, იუწყება „CNN“.
ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე იემენში მოქმედმა ჰუსიტებმა აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ირანს რაკეტით.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა განაცხადა, რომ იმაზე ვმუშაობთ, რათა ჩვენ შეიარაღებულ ძალებს რეგიონში ჰქონდეთ ყოველგვარი მატერიალური საშუალებები და პოლიტიკური მხარდაჭერა, რათა შეასრულონ მათ წინაშე არსებული ამოცანები. მისი თქმით, აშშ ცდილობს საერთაშორისო კონსენსუსის მიღწევას ტანკერებზე თავდასხმაში დამნაშავეებთან დაკავშირებით. აშშ თვლის, რომ დამნაშავე ირანია.
14 ივნისს ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ თითქმის სრულიადაა დარწმუნებული, რომ დივერსიის უკან ირანი დგას. აშშ-ის სხვა მოკავშირეები, მათ შორის გერმანია, თავშეკავებული არიან და აცხადებენ, რომ ირანის მონაწილეობა ამ საქმეში არაა დამტკიცებული. თეირანი ბრალდებებს უარყოფს.