„მოდით მოვლენებს წინ არ გავუსწროთ“ – პრემიერი სერგეენკოს გადაყენებას ჯერ არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ახალი სისხლია საჭირო
„მოდით მოვლენებს წინ არ გავუსწროთ,“ – ამ განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მამუკა ბახტაძემ არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით სეერგენკო თანამდებობას დატოვებს. თუმცა მთავრობის მეთაური ამბობს, რომ გუნდში ახალი სისხლია საჭირო და ამის შესახებ “ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ განაცხადა.
„მოდი მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება ჩვენ განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი. დათო სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი… მე მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებებს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ასეთი ჭორები, რომელიც ბოლო 2 წელია მესმის, კიდევ ალბათ, მომავალშიც გაგრძლედება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი,” – განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავად დავით სეერგეენკომ არ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი გადაყენება იგეგმება. მან თქვა, რომ ეს პრემიერის პრეროგატივაა და განცხადების გაკეთებას სწორედ მას უთმობს.