თეირანმა აშშ გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთიი შეიძლება "ცეცხლში გაეხვიოს"
თეირანმა აშშ გააფრთხილა, რომ თუკი ვაშინგტონი ირანის მიმართ აგრესიულ ნაბიჯებს გადადგამს დაძაბულობის ესკალაციისა და ირანის მიერ აშშ-ის დრონის ჩამოგდების ფონზე, ამას მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა აბოლფაზლ შეხარჩიმ, სამხედრო საინფორმაციო სააგენტო ტასნიმს განუცხადა, რომ ირანზე თავდასხმას „ისტორიული რეაქცია“ მოჰყვება.
„მტრის, კერძოდ აშშ-ისა და რეგიონში მისი მოკავშირეების მხრიდან შეცდომა იგივეობრივი იქნება იმ დენთის კასრისთვის სროლისა, რომელზეც სხედან აშშ და მისი ინტერესები, და ეს მთელ რეგიონს ცეცხლში გახვევს,“ თქვა მან.
ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაააქტიურეს რიტორიკა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 ივნისს აღიარა, რომ რამდენიმე წუთი აშორებდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების განხორციელებისგან, პასუხად ირანის მიერ აშშ-ის დრონის ჩამოგდებაზე.
22 ივნისს იმავე ტასნიმს მოჰყავს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, აბას მუსავის სიტყვები, რომელმაც შეაქო დრონის ჩამოგდება და განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა არასოდეს დაუშვებს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.
თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ესკალაცია მოჰყვა 20 ივნისს ირანის რაკეტის მიერ აშშ-ის სადაზვერვო დრონის, Global Hawk-ის ჩამოგდებას.