შსს აქციის მონაწილეებს: აზრი გამოხატეთ მშვიდობიანი ფორმით
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით განსაზღვრულ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და აზრი გამოხატონ კანონით დაშვებული მშვიდობიანი ფორმით.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა - შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა.
შსს-ს ცნობით, ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების (მათ შორის ჟურნალისტების მიმართ) ფაქტების შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო.
ეს სამართალდამცავები აქციების დროს მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აღარ მონაწილეობენ.