ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს დამატებით სანქციებს დაუწესებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს დამატებით სანქციებს დაუწესებს, რათა არ დაუშვას თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება. მისი თქმით, კვლავაც შესაძლებელია სამხედრო ძალის გამოყენება. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რამდენიმე წუთი უკლდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების განხორციელებას, ირანის მიერ აშშ-ის დრონის ჩამოგდების საპასუხოდ. თეირანმა გააფრთხილა აშშ, რომ მის მიერ ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას სავალალო შედეგები მოჰყვება მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის.
„ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. თუკი ამას დათანხმებიან, მდიდარი სახელმწიფო ექნებათ. ისინი ძალიან ბედნიერები იქნებიან და მე მათი უახლოესი მეგობარი ვიქნები. იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება“, დასძინა დონალდ ტრამპმა.