ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერების კენჭისყრის ოქმი - ვინ მიიღო მონაწილეობა და ვინ არა
![ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერების კენჭისყრის ოქმი - ვინ მიიღო მონაწილეობა და ვინ არა](https://gdb.rferl.org/761A7341-B6A2-45C4-B0D4-176A585D6F61_w800_h450.jpg)
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ქართული ოცნების“ წევრებმა რომან კაკულიამ, ბექა ოდიშარიამ, მირიან წიკლაურმა და მარიამ ჯაშმა.
ამასთან, კენჭისყრის ანგარიშის მიხედვით, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ, რომან კაკულიამ, ბექა ოდიშარიამ და მირიან წიკლაურმა რეგისტრაცია გაიარეს, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მარიამ ჯაშმა კი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, რეგისტრაცია საერთოდ არ გაიარა.
მირიან წიკლაურის განმარტებით, კენჭისყრისას პირადად მასთან დაკავშირებით შეცდომა დაფიქსირდა: „რაღაც არ არის მანდ სწორად. ხმა მივეცი და ალბათ, არ დაფიქსირდა. ხვალ მივალ პარლამენტში და გავარკვევ ამ საკითხს. ნამდვილად მივეცი ხმა დადგენილების პროექტს“.
რაც შეეხება მარიამ ჯაშს, მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, განმარტა: „2008 წლის ომში დაღუპული გმირის დედა დამიკავშირდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ყველაზე დიდი საფუძველი ჰქონდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგვისტოს ტრაგედიის შემდგომ, მაინც მისი თხოვნა იყო მიმტევებლობა. ასევე ჩემი ოჯახი, 15 წლის წინ 2004 წელს რეპრესიების ფონზე დავკარგე მეუღლე და ერთადერთი შვილის დაკარგვის შემდგომაც ჩემი მეუღლის დედის პოზიციაც არის, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება კონსოლიდაცია“
კენჭისყრის ოქმი:
პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი პლენარულ სხდომაზე დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.