უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის ჯარების სარდლად დაინიშნა გენერალი სერგეი სუროვიკინი
არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა უკრაინაში მიმდინარე ომში ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
ივნისში სამინისტრომ განაცხადა, რომ სუროვიკინი ხელმძღვანელობს ჯარების სამხრეთის დაჯგუფებას. 2017 წლის 31 ოქტომბრიდან სორუვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ხელმძღვანელობდა.
სერგეი სუროვიკინი მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში ტაჯიკეთში, ჩეჩნეთის მეორე ომში და სამხედრო ოპერაციაში სირიაში.
აპრილში BBC ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ე.წ. „სპეცოპერაციის“ ახალ სარდლად დანიშნულია არმიის გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი.
რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. ივლისისთვის რუსეთის ჯარებმა ხელში ჩაიგდეს ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია, დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევისა და ხარკოვის ოლქების ნაწილები. სექტემბრის პირველი ნახევრიდან უკრაინის არმია წარმატებულ კონტრიერიშს აწარმოებს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ჯარებისგან უკვე გათავისუფლებულია 96 დასახლებული პუნქტი და უკრაინის მიწის 2434 კვადრატული კილომეტრი.