საპატრიარქოს განცხადებით, მცხეთობის დღესასწაულის ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო
„ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვინაიდან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც, სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანების საშვები აღარ იქნება საჭირო", - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმარის წერილი გამოაქვეყნა 13 წლის მარიამ (მარიტა) მეფარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე - საქართველოში უქმე დღეა.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაშავებული ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. კონტაქტურია მესამე ბავშვი.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მერია ვაკის პარკის განახლების სამუშაოებს ატარებს. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ გუშინ დაათვალიერა - მერია აცხადებდა, რომ "ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა".
13 ოქტომბერს, საღამოს რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო. ისინი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თბილისის მერს კახა კალაძეს აკისრებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ თუ დამნაშავეა, მზად არის კანონის წინაშე პასუხი აგოს. მისი თქმით, გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. არ უსაუბრია მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ.
