მედია: უკრაინელებმა მტრული და მეგობრული ქვეყნები დაასახელეს – საქართველო სიაში არაა
უკრაინელებმა ყველაზე მტრულად განწყობილი და მეგობრული ქვეყნები დაასახელეს. საქართველო სიაში არ არის.
უკრაინის სოციოლოგიური ჯგუფის, “რეიტინგის” მიერ 8-9 ოქტომბერს ჩატარებული ეროვნული კვლევის მონაცემების მიხედვით, დღეს უკრაინელები ყველაზე მეგობრულ ქვეყნებად მიიჩნევენ: პოლონეთს, ლიეტუვას, დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და კანადას. ასევე მეგობრულ ქვეყნებად განიხილავენ ფინეთს, შვედეთს, დანიას, საფრანგეთს, შვეიცარიას, გერმანიასა და იაპონიას.
გამოკითხულთა ნახევარი თურქეთსა და ყაზახეთს მეგობრულად მიიჩნევს, ხოლო გამოკითხულთა 40% – ნეიტრალურად. გამოკითხული უკრაინელების უმრავლესობისთვის ნეიტრალური ქვეყანაა ჩინეთიც.
გამოკითხულთა 41% უნგრეთს მტრულ სახელმწიფოდ ასახელებს, 26% ნეიტრალურად, ხოლო 21% მეგობრულად.
ამავე კვლევის მიხედვით, უკრაინელებისთვის აბსოლუტურად მტრული ქვეყნებია ბელარუსი (85%) და რუსეთი (97%).
სოციოლოგიურმა ჯგუფმა გამოკითხა 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა უკრაინის ყველა რეგიონში, გარდა დროებით ოკუპირებული ყირიმის და დონბასისა, ასევე იმ ტერიტორიებისა, სადაც გამოკითხვის დროს არ იყო უკრაინის მობილური კავშირი.