ილჰამ ალიევი: ბაქომ ერევანთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ხუთი ძირითადი პრინციპი წამოაყენა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ერევანთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ხუთი ძირითადი პრინციპი წამოაყენა და ფიქრობს, რომ ამის საფუძველზე ვითარების ნორმალიზება შესაძლებელია. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
ალიევის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი „უკვე ისტორიაა“, და ის „მოგვარდა ორი წლის წინ“, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაცია კი სერიოზულ ნაბიჯებს მოითხოვს.
„თქვენი ინიციატივით ასეთი შეხვედრები (ალიევი და ფაშინიანი) იმართებოდა და ბიძგს აძლევდა პროცესის ნორმალიზაციას. აზერბაიჯანმა ცოტა ხნის წინ წამოაყენა ხუთი ძირითადი პრინციპი, რომლებითაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს. უფრო სწორედ, ეს არის საერთაშორისო ფუნდამენტური პრინციპები. მე ვფიქრობ, რომ ნორმალიზაცია შესაძლებელია ამის საფუძველზე. ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიაა. ის მოგვარდა ორი წლის წინ. ამიტომ, ამ კონტექსტში განსახილველი პრაქტიკულად არაფერია და აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაცია არის ის ფორმატი, რომელიც, რა თქმა უნდა, სერიოზულ ნაბიჯებს მოითხოვს“, – განაცხადა ალიევმა.
როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთანაც.