კირილ ბუდანოვი: პუტინს სულ მცირე 3 ორეული ჰყავს, რომლებიც მას ენაცვლებიან
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სულ მცირე 3 ორეული ჰყავს, რომლებიც მას ენაცვლებიან, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, კრემლის ხელმძღვანელზე უფრო მეტად დამსგავსებისთვის ორეულებმა პლასტიკური ოპერაციები გაიკეთეს.
„ჩვენ ვიცით სამი მათგანის შესახებ, რომლებიც მუდმივად ჩნდებიან, მაგრამ არ ვიცით, სულ რამდენი მათგანი არსებობს. სამივემ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია, რათა პუტინივით გამოიყურებოდნენ. ერთადერთი, რაც მათ განსხვავებული აქვთ, მათი სიმაღლეა, ასევე ჟესტები, სხეულის ენა და ყურის ბიბილოები, რადგან ისინი თითოეული ადამიანისთვის უნიკალურია“, – განაცხადა ბუდანოვმა.