სალომე სამადაშვილი მიხეილ ჩხენკელს: უხერხულია, როდესაც განათლების მინისტრი იმდენჯერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის პროექტს, რამდენჯერაც ახსენეთ – მარტივი იქნებოდა მორიგ ჯერზე ექვთიმე თაყაიშვილისთვის შეგედარებინათ
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ჰკითხა, თუ რა გეგმა აქვს განათლების არსებულ სისტემასთან დაკავშირებით, სადაც მისი თქმით, მხოლოდ 1/3-ს შეუძლია წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა.
სამადაშვილმა ჩხენკელის გამოსვლა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან იმდენჯერ ახსენა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, სჯობდა ისევ ექვთიმე თაყაიშვილისთვის შეედარებინა.
„მართლა ძალიან უხერხულია, როდესაც გამოდის მინისტრი და იმდენჯერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის პროექტს, რამდენჯერაც თქვენ ახსენეთ. უფრო მარტივი იქნებოდა პირდაპირ იმით დაგეწყოთ, რომ მორიგ ჯერზე შეგედარებინათ ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილისთვის. უფრო გასაგები იქნებოდა ყველასთვის, რისი თქმაც გინდათ, თუმცა, ალბათ, ექვთიმე თაყაიშვილს გული გაუსკდებოდა რომ დაენახა, რა დღეშია დღეს მისი სამშობლო, რომელიც ბოლოდან მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში გამოკითხულ ქვეყნებს შორის ყველა პარამეტრით. თქვენ ხართ იმ ქვეყნის განათლების მინისტრი, სადაც მხოლოდ 1/3-ს შეუძლია წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ყველა პარამეტრით, რითაც ქვეყანაში განათლების ხარისხი იზომება. ამიტომ, ტრიბუნასთან რომ დაბრუნდებით, მაინტერესებს, შესაბამისი შეფასების სისტემით, 2023 წელს რომ ჩატარდება მორიგ ჯერზე შეფასება, თქვენ რა პოლიტიკური პოზიცია გაქვთ, რომელ ადგილზე უნდა იყოს საქართველო, ისევ აქ უნდა დავრჩეთ, თუ რა არის თქვენი მოლოდინი“, – მიმართა სამადაშვილმა ჩხენკელს.
ის ასევე დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს განათლების მინისტრს ქვეყნიდან წარმატებული ახალგაზრდების გადინებასთან დაკავშირებით.
„მაინტერესებს, რა არის თქვენი ხედვა, როგორც განათლების მინისტრის იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა უბრალოდ იცლება კვალიფიციური კადრებისგან, მათ შორის ახალგაზრდებისგან, რომლის მომზადება ქვეყანაში ხდება. გაქვთ საერთოდ რაიმე ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ თავქუდმოგლეჯილი არ გარბოდეს აქედან ყველა, ვინც წერა – კითხვა იცის. ყველა, მეტ-ნაკლებად წარმატებული სტუდენტი დღეს ცდილობს, მოძებნოს შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნიდან გაიქცეს. როგორია თქვენი ხედვა, როგორ აპირებს ეს ქვეყანა გადარჩეს და იარსებოს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა?“, – მიმართა სალომე სამადაშვილმა მიხეილ ჩხენკელს.