გერმანიაში დააკავეს ამ ქვეყნის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით
![გერმანიაში დააკავეს ამ ქვეყნის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით](https://gdb.rferl.org/04230000-0aff-0242-5535-08dab03536d4_w800_h450.jpg)
გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის (BND) თანამშრომელი დააკავეს სახელმწიფო ღალატში ბრალდებით. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა გენერალურმა პროკურატურამ, რომელიც იტყობინება, რომ დაკავებული რუსეთის დაზვერვის სამსახურს 2022 წელს ინფორმაციას აწვდიდა. პროკურატურის თანახმად, ლაპარაკია სახელმწიფო საიდუმლოებაზე. ეჭვმიტანილი წინასწარი გამოძიების საკანშია მოთავსებული. შესაბამისმა სამსახურმა ჩხრეკა მოაწყო ეჭვმიტანილის ბინაში და სამუშაო ოთახში, ასევე კიდევ ერთი პირის ბინაში.
დაზვერვის უწყების ხელმძღვანელის, ბრუნო კალის თქმით, ეჭვი საკუთრივ მისმა სამსახურმა აიღო. როცა შიდა გამოძიებამ განამტკიცა ეჭვი, ჩართეს პროკურატურა.
უწყება ამ შემთხვევის დეტალების გავრცელებაზე თავს იკავებს. კალის თქმით, „თავშეკავება და საიდუმლოს შენახვა ამ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“ რუსეთის სახით მეორე მხარეს ისეთი მოთამაშეა, რომლისგანაც უნდა ველოდეთ დაუნდობლობასა და მზადყოფნას, ძალა იხმაროს: „ამ შემთხვევის ყველა დეტალი, რომელიც გაიჟონება, უპირატესობას ანიჭებს მოწინააღმდეგეს თავის განზრახვაში, ავნოს გერმანიას“, თვლის დაზვერვის სამსახურის უფროსი.