საელჩო: თურქეთში 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება
თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, მიწისძვრის შემდეგ დაკარგული 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.
უწყების ცნობით, საელჩოს მიმართა ასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ. მათ შორის, განსაკუთრებით რთული იყო 20-მდე მოქალაქის შემთხვევა, მათგან, 14 მოქალაქის ადგილსამყოფელი, ამ ეტაპზე, დადგენილია. მათთან კომუნიკაცია შედგა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საელჩო აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზებისა და აეროპორტების დაზიანების გამო, შეფერხებულია გადაადგილება, აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ამისა, ვითარებას ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და განმეორებითი ბიძგები. შესაბამისად, მდგომარეობა სწრაფად იცვლება, იცვლება დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც.
ამ დრომდე, დასტურდება საქართველოს 2 მოქალაქის დაღუპვის ფაქტი.
6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო. თავდაპირველად თურქული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მიწისძვრა 7,4 მაგნიტუდის იყო, მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ - 7,7-ის. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი.
თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:
საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +905336903040; +905392208280
გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +905418184400
გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +905413262226.