ბადრი ესებუა სავარაუდოდ, დაკავებულია
სავარაუდოდ, დაკავებულია "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელსაც სამართალდამცავები 2020 წლის ოქტომბრიდან ეძებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ესებუა ზუგდიდში დააკავეს.
შსს-ში რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურეს. ზუგდიდში ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ჯერჯერობით არაფერი იციან მისმა ოჯახმა და ადვოკატმა.
შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების და მძევლების უმრავლესობის ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, მან სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, მოთხოვნილი თანხით დატოვა ბანკის შენობა.
შსს-მ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით - ტერორისტული აქტი, მძევლების აყვანა ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.